ბლოგი

რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა

ხშირად ისმის კითხვა, რა უნდა იცოდეს გაყიდვების მენეჯერმა პროდუქტზე? პროდუქციის ცოდნა რომ აუცილებელია ამაზე არავინ დაობს, თუმცა ხშირად ხდება, რომ გაყიდვების მენეჯერს მოლაპარაკება გარკვეულ ეტაპამდე მიჰყავს და შემდეგ საქმეში დარგის ექსპერტი ერთვება. შესაბამისად, კითხვაზე პასუხი ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე იცვლება. .

გაყიდვებში ბევრი საინტერესო ფრაზა და მეტაფორაა დამკვიდრებული. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ასე ჟღერს: „იმდენი უნდა იცოდე, რომ იყო საშიში“. გაყიდვების მენეჯერის მთავარი გამოწვევა სწორედ პროდუქციის შესახებ ინფორმაციის ქონაა, რომელიც განსაკუთრებით სწრაფად განვითარებად სფეროებს ეხება. მაგალითად, ტექნოლოგიების სფერო 4-6 თვეში შესაძლოა მთლიანად შეიცვალოს და ამიტომ, გაყიდვების მენეჯერის ცოდნა განახლებას საჭიროებს.

როგორ უნდა გავზომოთ პროდუქტის ცოდნა?

არსებობს რამდენიმე სიტუაცია, რომლითაც შესაძლებელია გაიზომოს გაყიდვების მენეჯერის ცოდნის დონე:

  • თხოვეთ მას მოგიყვეთ რა იცის ბაზრის შესახებ;
  • გამოკითხეთ თქვენი პროდუქციის უპირატესობები კონკურენტებთან მიმართებაში;
  • კითხეთ რა იცის თქვენი პროდუქციის სუსტ მხარეებზე;
  • შეუქმენით სიტუაციური მაგალითები, სადაც პროდუქციის შესახებ სიღრმისეულ კითხვებს დაუსვამთ;
  • ჩაატარებინეთ საჩვენებელი პრეზენტაცია.

დღევანდელ რეალობაში დამკვიდრებულია, რომ გაყიდვების მენეჯერი თქვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ პირველ შთაბეჭდილებას ახდენს. შესაბამისად, მისი სრულფასოვანი ინფორმატიულობა თქვენი კომპანიისთვის შესაძლოა გადამწყვეტიც აღმოჩნდეს.

გარდა იმისა, რომ გაყიდვების მენეჯერს ინფორმაცია კომპანიიდან გააქვს, მის ფუქნციებშია ასევე ინფორმაციის შემოტანა კომპანიაში. პროდუქციის პოტენციური მომხმარებლებისთვის გაცნობისას, ისინი ხშირად იძლევიან რჩევებს ან კრიტიკას, რომელიც პროდუქციის განვითარებისთვის აუცილებლად გასათვალისწინებელი შეიძლება იყოს, ამიტომაც უნდა მოხდეს მიღებული ინფორმაციის დამუშავება.

  • რა სახის ნეგატიური პასუხები ან შეფასებები მიიღო პროდუქციამ?
  • რა იყო გადამწყვეტი მახასიათებელი, რამაც პროდუქციის გაყიდვა მოახერხა?
  • არის რაიმე რისი შეცვლა ან დამატება შეიძლება, რაც ახალი ბაზრის ათვისებას შეუწყობს ხელს?
  • ფასზე როგორ რეაგირებს პოტენციური მომხმარებელი?
  • არსებობს გაყიდვების ხელშემწყობი ისეთი საშუალება, რაც უკეთ გაყიდვაში დაგვეხმარება?

ეს ის კითხვებია, რომელზე პასუხიც პროდუქციის განვითარებაში დაგეხმარებათ, ამიტომ მისი მიღება და შემდგომი ანალიზი აუცილებელია. ინფორმაციის მიღება კი, გაყიდვების მენეჯერისგან არის შესაძლებელი. მისი როლი კომპანიაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ინფორმაციის ორმხრივად გამტარ რგოლს წარმოადგენს.